logo
ENG



"დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ" - გვრიტიშვილი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს

06 აპრ 202316:12
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლე, დიმიტრი გვრიტიშვილი პრემიერმინისტრთან შეხვედრას მოითხოვს. როგორც მან საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მხოლოდ პრემიერს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას "კულუარულ ზეწოლებზე".

გვრიტიშვილი, რომელიც ე.წ. სასამართლო კლანის წევრად მიიჩნევა, ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლება საფრთხეშია.

"მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია პირველ რიგში სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვაზე, ბატონ პრემიერმინისტრს, დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს შეხვედრა ჩვენთან, მოსამართლეებთან. ჩვენ მას დეტალურად წარვუდგენთ იმ ინფორმაციას, რომელიც გვაქვს, აი, იმ კულუარულ ზეწოლებზე, რაზეც ლევანი [მურუსიძე] საუბრობდა, რაზეც მე ვლაპარაკობ. სრულყოფილ ინფორმაციას მხოლოდ მას მივაწვდი. დაველოდები შემდგომ რა იქნება საქართველოს მთავრობის რეაგირება. იმის შემდგომ დავგეგმავთ ჩვენს ქმედებებსაც", - თქვა გვრიტიშვილმა.

გვრიტიშვილმა ზეწოლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "აშშ, მათ შორის ელჩი, ცდილობდნენ, მათთვის მისაღები საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო საკანონმდებლო წინადადებების წარმოდგენას", რასაც მისივე თქმით, მოსამართლეები ეწინააღმდეგებოდნენ.

გვრიტიშვილმა აშშ-ის ზეწოლის მაგალითებად ალბანეთი და უკრაინა მოიყვანა. მისი მტკიცებით, "იგივე სქემით, ორკესტრირებული შეტევებით, ამერიკელებისა და საელჩოების ჩართულობით, უკრაინის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, უკრაინის სუვერენიტეტზე სასამართლო ხელისუფლების ნაწილში უარი თქვა".

"ყველა დონის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ვიღებდი, რომლის საფუძველზეც შემდგომ რეფორმები ხორციელდებოდა, თავად ქალბატონი ელჩი, ხანდახან, უშუალოდ, ხან რაღაც საკუთარი წარმომადგენლობის მეშვეობით, იყო ეს მაიკლ გრანტი და გიორგი ჩხაიძე, ან მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ორგანიზაციები, ძალიან აგრესიული ფორმით ცდილობდნენ მათთვის მისაღები, ოღონდ ჩვენი მოსაზრებით, საერთაშორისო სტანდარტებთან აბსოლუტურად შეუსაბამო საკანონმდებლო წინადადებების წარმოადგენს და კანონად ქცევას, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით. სრულყოფილად ამ ფაქტებზე ვერ ვისაუბრებ, თუ შედგება ჩვენი მოთხოვნით პრემიერმინისტრთან შეხვედრა, მე მას ვესაუბრები ამ ფაქტებზე.

ჩემი აღქმით, როდესაც არის მოსამართლე და ცდილობს, სასამართლოს ინტერესის შესაბამისი რეფორმა გატარდეს, ისე, როგორც ჩემი მოსაზრებით, შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და ვიღაცას ეს არ მოსწონს და ცდილობს, ამ სტანდარტების საწინააღმდეგო მიმაღებინოს, შემაცვლევინოს ჩემი მოსაზრება, გარკვეულ ბერკეტებს იყენებს ამისთვის, შეიძლება ეს არ იყოს სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული, მაგრამ ეს არის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობა. მიზანი საბოლოო ჯამში ნათელია, ერთი ჯაჭვის, კონკრეტული რგოლებია ის სახელმწიფოები - ჩამოვთვალე, განვიხილე უკრაინის, ალბანეთის მაგალითები. იგივე სქემით, იგივე ორკესტრირებული შეტევებით, ე.წ რეფორმებით, რომლებიც განხორციელდა ამერიკელების ჩართულობით და საელჩოების ჩართულობით. კი, ამას ვამბობ. უკრაინის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, უკრაინის სუვერენიტეტზე სასამართლო ხელისუფლების ნაწილში უარი თქვა, გადააბარა მოსამართლეების დანიშვნის უფლებამოსილება მთლიანად ე.წ საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ რაღაც გაურკვეველ ორგანიზაციას", - თქვა გვრიტიშვილმა. 


close დახურვა